დავით ნარმანია: ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და 7000 კვ მ-ზე მეტი ტერიტორია დავუბრუნეთ ქალაქს

„ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩანაცვლებების გზით 7000 კვ მ-ზე მეტი ტერიტორია დავუბრუნეთ ქალაქს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დედაქალაქის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ბევრი გაკაფული სივრცე, სტატუსმოხსნილი და გაყიდული სკვერი დახვდა.

დავით ნარმანიამ გაიხსენა ვაკის პარკში მშენებლობის საკითხი და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობამ სასამართლო დავისას გადაწყვეტილება საზოგადოების სასარგებლოდ მიიღო.

„ძალიან მაღალი იყო საზოგადოებრივი ინტერესი ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით. საზოგადოების ძალიან აქტიური მოთხოვნა, რომელიც სასამართლოში სარჩელის სახით იქნა წარდგენილი, დაკმაყოფილდა. ჩვენ მის შემდგომ გასაჩივრებაზე უარი ვთქვით და არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ადევს ჩემი, როგორც ქალაქის მერის ვიზა, რომლის ფარგლებშიც მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ ამ საკითხზე დავა და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

26 აგვისტო 2016