თბილისის მერიის განცხადება

ქალაქ თბილისის მერია თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ კარვის განთავსებასთან დაკავშირებით „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების განცხადებას ეხმაურება.

გვინდა განვაცხადოთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელებისა და ავტომაგისტრალების ბლოკირება.

ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, რომლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც ტარდება შეკრება ან მანიფესტაცია, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული გარემოებებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ დაგეგმილი აქციის მსვლელობისას არ უნდა იქნას ბლოკირებული ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ-გასასვლელი, ასევე შენობის წინ არსებული ტროტუარი და საავტომობილო გზა, რათა არ შეფერხდეს ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა.

შესაბამისად, თბილისის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების მიერ კარვების განთავსებას ადმინისტრაციულ შენობასთან არსებულ სკვერში.

 

25 აგვისტო 2016