ნინა ხატისკაცი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ დიალოგს დაესწრო

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მხარდაჭერით  ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ  აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონულ დიალოგს დაესწრო.

დიალოგში მონაწილეობდნენ მმართველობის პარტნიორობის საპილოტე პროგრამისთვის შერჩეული  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის თბილისი. საპილოტე პროგრამაში შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეიმუშაონ და 2017 წელს განახორციელონ ვალდებულებები, რომელიც მმართველობაში საზოგადოების ჩართულობის, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის  და ღია მმართველობის სხვა სტანდარტების გაზრდისკენ არის მიმართული. აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების რეგიონული დიალოგის მიზანი მონაწილე ქვეყნების მიერ ამ ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერაა. 

რეგიონული დიალოგის ფარგლებში ნინა ხატისკაცმა თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების ღია მმართველობის არსებულ გამოცდილებასა და სამომავლო განვითარების ხედვაზე ისაუბრა.  მერის მოადგილემ  ყურადღება გაამახვილა OGP-ის ფარგლებში თბილისის მიერ ასაღები ვალდებულებების შემუშავების პროცესს და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის საჭიროებას. ნინა ხატისკაცმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი ხელისუფლების, როგორც საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლების  განსაკუთრებულ როლსა და გამოწვევებს ღია მმართველობის სტანდარტების ამაღლების პროცესში. 

2016 წლის რეგიონული დიალოგის ფარგლებში შეფასდება ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლებების (მათ შორის საქართველოს) მიერ 5 წლის მანძილზე  დაგროვილი მიღწევები  და განისაზღვრება სამომავლო სამოქმედო პრიორიტეტები. 

22 ივლისი 2016