თბილისის მერიის განცხადება

მიმდინარე წლის 29 იანვარს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედი თანამშრომელი, კონკურსანტი კახაბერ ბუსკივაძე აწარმოებდა ფარულ ვიდეოგადაღებას.
კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბუსკივაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს. კერძოდ, კომისიის წევრთა განცხადებით,  გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე არ პასუხობდა დასმულ ცალკეულ შეკითხვებს, მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად.  გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან არ დატოვა გასაუბრების ოთახი და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები.
კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახაბერ ბუსკივაძე  ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული  ვიდეოკამერის მეშვეობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებული იქნა პატრული. კახაბერ ბუსკივაძის ქმედების შედეგად,  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო.
კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას.
ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი.
მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

29 იანვარი 2015