თბილისის მერიაში საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა  2016 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში დაგეგმილი გამწვანების ღონისძიებების გეგმის პროექტი წარმოადგინა.  თბილისის მერიაში გამართულ პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი,  გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მეტყევეები ესწრებოდნენ.   

საგაზაფხულო რგვების გეგმის პროექტი გამწვანების სამსახურმა  ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით მოამზადა. პროექტი კომპლექსურია და მოიცავს, როგორც ხე-მცენარეების განაშენიანების სქემას და ნიადაგის კვლევის შედეგებს, ასევე აგროტექნიკურ და მოვლა- პატრონობის ღონისძიებებს. 

ნინო სულხანიშვილის თქმით, საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, გეგმის მიხედვით,  მასშტაბურად ჩატარდება.  80 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხეები მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობზე, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, დიდ დიღომში  და ქალაქის შიდა ტერიტორიაზე, პარკ-სკვერებსა და ცენტრალური ქუჩების გასწვრივ დაირგვება. ნერგების შესაძენად 2016 წლის ბიუჯეტში 900 000 ლარია გამოყოფილი. 

პროექტის თანახმად, დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად შერჩეულია ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების  ნერგები.  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 1,2 -დან  3 მეტრამდე, ხოლო  ქალაქის შემოგარენში, ტყის აღდგენითი ღონისძიებების ფარგლებში, 0,5-1,0 მ სიმაღლის ხე-მცენარეები დაირგვება. სპეციალისტების მიერ რეკომენდირებულ სახეობებს შორისაა კიპარისის, ცაცხვის, ჰიმალაის კედარის, ფიჭვის, ვერხვის, იფანისა და საპნის ხე-მცენარეები. 

გამწვანების ღონისძიებების პარალელურად ნინო სულხანიშვილმა  ყურადღება სარწყავი სიტემის მოწესრიგების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. „იმ პირობებში, როდესაც  კლიმატის ცვლილება  მკვეთრად შეინიშნება, სარწყავი სისტემების გარეშე ახლად დარგულ ნერგებს გადარჩენის  მცირე შანსი აქვს,  ამიტომ აქტუალურია საირიგაციო სისტემის მოწყობა. ამჟამად სარწყავი სისტემების საინჟინრო გადაწყვეტებზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, სარწყავი კომუნიკაციების მოწყობას მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაზაფხულზე  ყველაზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანებისა და, ამასთან, ნარგავების მოვლა-პატრონობის სამუშაოების  გეგმის მიხედვით წარმართვა  მნიშვნელოვნად გაზრდის მცენარეების გახარების კოეფიციენტს „ - განაცხადა  ნინო სულხანიშვილმა. 

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000  ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.

25 თებერვალი 2016