თბილისის მერი სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერების ცვლილებებისთვის“ დაესწრო
 
თბილისის მერი დავით ნარმანია ლიდერობის შესახებ სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო. შეხვედრა თემატური პროექტის - „ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ ფარგლებშია ორგანიზებული. სემინარი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ იმართება და ის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან დიალოგით იმ მიდგომების შემუშავება, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველობის შემდგომი განვითარებითვისაა აუცილებელი.
 
სამუშაო შეხვედრა ორ ნაწილს მოიცავდა. პირველი სესია გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დღევანდელი ღონისძიება კი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებს, ადგილობრივი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.
 
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოძახილია.
 
„აღნიშნული პროგრამა არის მნიშვნელოვანი გამოძახილი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონულ კონგრესთან, ევროსაბჭოსთან, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ხორციელდება აღნიშნული პროგრამა და მასში ჩართულია საქართველოში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მერები და გამგებლები, დღეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას იზიარებენ. ხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის ადგილობრივი ეკონიმიკური განვითარება, პროექტების მენეჯმენტი, სწორი კომუნიკაცია იმისათვის, რომ პროექტები და პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ხალხისთვის ვახორციელებთ, იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
 
23 თებერვალი 2016