თბილისის მერი კულტურის საქალაქო სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ანგარიშის პრეზენტაცია კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ  ალოიზ მიზანდარის N1 ხელოვნების სკოლაში გამართა. სახელოვნებო სკოლას აღნიშნული შენობა მერიამ გადასცა. კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ იმ პროექტების შესახებ  გაამახვილა ყურადღება, რომლებიც  სამსახურმა 2015 წელს განახორციელა.  

კერძოდ: 2015 წელს ჩატარდა კულტურის მუნიციპალური ობიექტების კვლევა, შემუშავდა რეკომენდაციები და მომზადდა რეფორმის პროექტი. ხელოვნების სკოლებს ფართობები უზუფრუქტით გადაეცათ, მოხდა აღნიშნული შენობების გაზიფიცირება. თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქში დამონტაჟდა თეატრალური აფიშების განსათავსებელი სტენდები. 2015 წელს თბილისში განახლდა არქეოლოგიური კვლევები. კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარების მიზნით კი ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წელს ჩატარებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით ხაზგასასმელია, თბილისობის დღესასწაული, საახალწლო ღონისძიებები და სხვადასხვა კულტურული დაწესებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც სწორედ მერიის კულტურის საქალაქო სამსახურისა და კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მეშვეობით განხორციელდა. 

„2015 წელი  სხვადასხვა ღონისძიებების თვალსაზრისით ძალიან დატვირთული იყო, ასევე ჩვენ მიდგომები მნიშვნელოვნად შევცვალეთ და ეს ყველაფერი შედეგებში აისახა. 2016 წელს ასევე ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.  ტრადიციულად ახალი წლის ღონისძიებასთან,  26 მაისთან და  თბილისობასთან  ერთად  ჩატარდება არაერთი სხვა  ღონისძიება, რომელშიც ჩართულები იქნებიან, როგორც ჩვენი ადგილობრივი თეატრების, ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე მოზარდები. ძალიან ბევრ ტურისტს და უცხოელს აინტერესებს თუ როგორია თბილისი კულტურული თვალსაზრისით, ამიტომაც ბევრი ისეთი საინტერესო ღონისძიება იქნება, რომელიც დაამახსოვრდებათ როგორც  ჩვენს მოქალაქეებს, ასევე  უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ანგარიშის წარდგენის შემდეგ  სხვადასხვა პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიებას,  კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს და სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

04 თებერვალი 2016