თბილისის მერი და მერიის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის თანამშრომლები, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაერთვნენ სისხლის უანგარო დონორთა აქციაში - ,, თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ’’.

უანგარო დონორთა აქციაში მონაწილეობის მიზანი სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებისთვის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა ყოველდღიურად ესაჭიროებათ. ინსტიტუტში მკურნალობას ლეიკემიით დაავადებული პაციენტები გადიან.

ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის სისხლის ბანკი  სისხლით და მისი კომპონენტებით ამარაგებს საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტ კლინიკას და თავად ინსტიტუტის პაციენტებს.

თბილისის მერია მსგავს აქციებში მომავალშიც ჩაერთვება. 

26 ნოემბერი 2015