თბილისში ახალი საწარმო „ჯეოკეპი“ გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერთან  დავით ნარმანიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად, პლასტმასის საცობების ახალი საწარმო „ჯეოკეპი“ დაათვალიერა. საწარმო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა. კომპანიას პროგრამის ფარგლებში მიწის ნაკვეთი და შენობა უსასყიდლოდ, სამომავლოდ შეფასებული ქონების ექვსმაგი ინვესტიციის განხორციელების მიზნით გადაეცა.

კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი საწარმოების მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმპორტის ჩანაცვლების გზით. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ იმპორტირებულ საქონელს მალე „ჯეოკეპ“-ში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია ჩაანაცვლებს.

„ჩვენი ხელისუფლების ამოცანა იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება. ამ მიზნით ჩვენ ავამოქმედეთ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც დღეს გვაქვს 123 საწარმო დაფინანსებული. ეს არის ჯამში 350 მილიონი ლარის ინვესტიცია. ეს ნიშნავს, იმას, რომ რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია უკვე შექმნილი და რომ ქართული წარმოება განვითარდება. „ჯეოკეპს“ შეუძლია არა მხოლოდ ჩაანაცვლოს იმპორტი, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს პროდუქცია,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა .

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის მსგავსიც აქამდე საქართველოში არ ფუნქციონირებდა.  ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, პროექტი ერთის მხრივ  საინტერესოა, რათა აქ დამატებით 50 ადამიანი დასაქმდა, ეს არის 50 უზრუნველყოფილი ოჯახი, რომელთა სახლებშიც დამატებითი შემოსავალი შევა, ხოლო მეორეს მხრივ,  ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმოება იმპორტს ჩანაცვლებს მთლიანად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეისთვის კომპანიას სახელმწიფოს წინაშე აღებული ფინანსური და წარმოების მოცულობის ვალდებულებებიდან, ფინანსური ვალდებულება გადაჭარბებით აქვს შესრულებული. საწარმოს ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 მილიონი აშშ დოლარია.

 

 

 

 

26 ნოემბერი 2015