„კიკვიძის პარკში“ საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკი) საბავშვო გასართობი სივრცე მოეწყო. მოედანი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერა.

ადგილზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სათამაშო მოედანი სპეციალური საფარით, კაუჩუკით დაიფარა,  დამონტაჟდა  ატრაქციონები და სავარჯიშო ინვენტარი.  საბავშვო გასართობ სივრცეში, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ფონდ „სიცოცხლის ხის“ ერთობლივი  პროექტის   ფარგლებში, ასევე, დამონტაჟდა  შშმ პირთათვის განკუთვნილი ატრაქციონი და სავარჯიშო მოწყობილობა.

დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,  რომ  პარკის კეთილმოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. მოეწყო სპეციალური სივრცე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, სადაც შეუძლიათ თავისუფალ დროს გამოვიდნენ, გაერთონ, განიტვირთონ. გარდა ამისა, „კიკვიძის პარკი“ რამდენიმე თვალსაზრისით არის საინტერესო. აქ განვახორციელეთ გამწვანების პროექტი, ახლა საბავშვო გასართობი მოედანი გაიხსნა. სამომავლოდ  ვგეგმავთ მის კიდევ უფრო მეტად მოწყობას“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

26 ნოემბერი 2015