კონკურსი „თბილისის ბიჭუნათა კაპელაში“ მისაღებად

ქ. თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა აცხადებს კონკურსს „თბილისის ბიჭუნათა კაპელაში“ მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება მუსიკალური მონაცემების მქონე  6-დან 16 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ.

„თბილისის ბიჭუნათა კაპელა“  ა. მიზანდარის სახელობის ხელოვნების #1 სკოლის ბაზაზე იქმნება.  კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი გელა ფარჩუკიძეა.


„თბილისის ბიჭუნათა კაპელის“  მიზანია შეიქმნას ბავშვთა მხატვრული კოლექტივი, რომელშიც მოზარდები ეზიარებიან მაღალ ხელოვნებას, დაეუფლებიან კლასიკური ვოკალური ხელოვნების საფუძვლებს და შეისწავლიან როგორც ქართული, ისე მსოფლიო მუსიკალურ შედევრებს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა  შესაბამისი ინფორმაცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: შევსებული ანკეტა, მოზარდის დაბადების მოწმობის ასლი, ორი ფოტო სურათი 3x4, მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. მეორე ეტაპზე მოზარდმა უნდა შეასრულოს  ნებისმიერი მუსიკალური ნაწარმოები. კონკურსანტები მეორე ეტაპზე ასევე  გაივლიან გასაუბრებას.

„ბიჭუნათა კაპელის“ აღსაზრდელები სიმღერის საფუძვლებს, მუსიკის თეორიას, ნოტების ცნობასა და მის კითხვას შეისწავლიან, რათა კაპელის რეპერტუარში შესული ნაწარმოებების წაკითხვა და შესწავლა შეძლონ.

ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, კაპელა განსაკუთრებულ  ყურადღებას ქართველ კომპოზიტორთა საინტერესო და გამორჩეულ  ნაწარმოებებს დაუთმობს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე : 0322 72 22 22

იხილეთ საკონკურსო ანკეტა: ანკეტა (DOC) 

28 სექტემბერი 2015