თბილისის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ანაზღაურებად პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან

თბილისის მერიის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 პირი ანაზღაურებად პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლის. სამთვიანი სასწავლო კურსის ორგანიზებას თბილისის მერიასა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დავითიანნს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს. მემორანდუმი დღეს გაფორმდა და მას ხელი თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ იოსებ ვარდოშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის"  პრეზიდენტმა კონსტანტინე სვანაძემ მოაწერეს.                                                                                                  

მემორანდუმის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის პროფესიული უნარების ამაღლება და მათთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა. მემორანდუმის მიხედვით დედაქალაქის  მერიის მიერ შერჩეული ბენეფიციარები "დავითიანნში" ხეზე კვეთასა და დამუშავებას სამი თვის განმავლობაში შეისწავლიან. შშმ პირებს პრაქტიკული სასწავლო კურსის გასავლელად ყველა აუცილებელ პირობას მერია შეუქმნის.

თბილისის მერია 10 ბენეფიციარს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით  ჩატარებული ტრენინგკურსის მონაწილეებიდან შეარჩევს. აღნიშნული ტრენინგკურსი მერიის ორგანიზებით ივნისსა და ივლისში 100-მდე შშმ პირმა გაიარა.

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ ვარდოშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა თბილისის მერიის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმები სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის გზით შეიმუშავოს.  

 

 

24 ივლისი 2015