თბილისის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვაკისა და საბურთალოს გამგებლებმა და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის მერს გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც საბურთალოს გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები 1 300 000 ლარის ღირებულების სამუშაოებზეა გაფორმებული.

დასრულებულია ჩიქოვანის ქუჩის სამი მრავალსართულიანი კორპუსის - N30, 34 და 36-ის  გაწმენდა, რომელსაც სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა.  საძირკვლებში დაგროვილი წყლის დასაცლელად კი საჭირო გახდა სანიაღვრე არხების გაჭრა, რამაც შენობები ავარიულობის საფრთხისაგან დაიცვა. ასევე, გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სამივე კორპუსს გაუკეთდა ინდივიდუალური წყალშემკრები-სანიაღვრე სისტემა, რომელიც შენობებს გრუნტის წყლების დაგროვებისაგან იცავს. 

ობიექტების გაწმენდა დასრულებულია ასევე სოფელ დიღომში. გარდა ამისა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ გრუნტის გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დააფინანსა სოფელ ძველ ვეძისში. 6 000-მდე კვ. მეტრი ფართობის გზა ქვა-ღორღისგან გაიწმინდა, სპეცტექნიკით მოსწორდა და მოიხრეშა. სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს ლიხაურისა და იოსებიძის ქუჩაზეც. 

ამ ეტაპზე, მიმდინარე პროექტების უმეტესობა პრევენციულ ხასიათს ატარებს და ისინი გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე ხორციელდება. ასეთებია საბურთალოს რაიონში, ექვს მისამართზე  საყრდენი კედლების მოწყობის პროექტები, მათ შორის უშუალოდ სტიქიის ზონაში, ჩიქოვანის ქუჩის N34-ის მიმდებარედ; ასევე, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე სანიაღვრე კოლექტორის რეკონსტრუქციის სამუშაოები. საბურთალოს რაიონში საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ ამ დროისათვის 98 განცხადებაა რეგისტრირებული, ხოლო ზარალის შესახებ აღრიცხულია 53 განაცხადი. 

თბილისის მერს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა კეთილმოწყობის სამასხურის უფროსმა.  როგორც ავთანდილ სუდაძემ აღნიშნა, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 8 050 000 ლარის ღირებულების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. მათ შორის, მძიმე ტექნიკის დახმარებით მთლიანად გაიწმინდა სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნები, დასრულებულია და მიმდინარეობს რამდენიმე საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სამუშაოები დაზიანებული და დანგრეული გზების და ტროტუარების სარეაბილიტაციოდ. 

როგორც შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე გაიწმინდა მოსახლეობის სახლები და ეზოები. ახალდაბის, ბეთანიის და წყნეთის ტერიტორიებზე გაიწმინდა ყველა კრიტიკულად დაზიანებული ადგილი, გაიწმინდა და მოწესრიგდა ვაკის სასაფლაო, ჩატარდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ფერდობების გამაგრებითი სამუშაოები, მოეწყო და მიმდინარეობს 4 საყრდენი კედლის გაკეთება.

გარდა ამისა, ლაშა აბაშიძის განცხადებით, განხორციელდა და მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელების მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დაიგო ახალი გზა ბაგებში, ე.წ კაკლების გზაზე. მოწესრიგდა კომუნიკაციები და საკანალიზაციო არხები.

 

 

22 ივლისი 2015