თბილისის მერიის განცხადება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, რაც სრული სიცრუეა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა, რომელიც ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

საქალაქო სამსახურში მართლაც შევიდა ალექსანდრე კუტუბიძის განცხადება ანა გაგუას 1000 ლარით უზრუნველყოფის შესახებ. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტების გამო, სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით ესაუბრა განმცხადებელს და სთხოვა თანხის გადასარიცხად კონკრეტული საბუთის წარმოდგენა. საბუთის წარდგენის შემდეგ დაიწყო შესაბამისი პროცედურები და განმცხადებელსაც ეცნობა, რომ პარასკევს, 3 ივლისს, ანა გაგუას თანხა მას ანგარიშზე ჩაერიცხებოდა.

მიუხედავად ამისა, 2 ივლისს გვიან ღამით სოციალურ ქსელში ანა მამრიკაშვილის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახმა მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება : - „თქვენი მოთხოვნა № 12 ....... დაკმაყოფილდა. სარიტუალო მომსახურებას გაგიწევთ შპს „ჰერმესი“ უსასყიდლოდ. საგარანტიო წერილის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ მერიაში“.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, სადაც ოჯახს დაფინანსების თაობაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, ხანდაზმულთათვის თანხის ჩარიცხვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის პრაქტიკა არ აქვს. თანამშრომელი პირადად ესაუბრება განმცხადებელს და ასეთი სახით აცნობებს თანხის გადარიცხვის შესახებ.

რაც შეეხება შპს „ჰერმესის“ მიერ SMS შეტყობინების გაგზავნას, კომპანიას ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება არც ერთი მომხმარებლისთვის გაუგზავნია. ზოგადად, „ჰერმესი“ მოქალაქეს აცნობებს მხოლოდ მისი განცხადების დარეგისტრირების შესახებ. მაგალითად - „HERMESI - თქვენი განაცხადი დარეგისტრირდა: HM-------- ნომრით”.

მოგვიანებით აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელმაც აღიარა, რომ იხუმრა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ნეგატიურად გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ნაწილი საკუთარი უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს როგორც საჯარო უწყებების, ისე ისეთი საჭირო პროგრამების დისკრედიტაციას, როგორიც „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამაა. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება და მოქალაქეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

03 ივლისი 2015