თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან, ვაკის პარკი სრულად დაიკეტება. რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი შეუნარჩუნდება.

„დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების განახლება, მოწესრიგება. ამ მიმართულებით, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა და მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის დაგეგმვამდე, თბილისის მერიამ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩართო და მათი წინადადებებიც გაითვალისწინა.

„სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა, მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება. დაგეგმვის ეტაპზე, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა იყო და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლიდან სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტების მეტი რაოდენობა დაფინანსდება. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 და ნაკლები ქულა აქვთ.

„ახალგაზრდების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ცოდნა, განათლება და შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა იქნას გამოყენებული. 2015 წლიდან და აქამდე, ფინანსდებოდნენ ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულა ან ნაკლები იყო. ჩვენი ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება საშუალება, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250 ლარია, ხოლო სემესტრულად - 1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში არსებულ სარეიტინგო ქულაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ასევე, ორმაგდება იმ მაგისტრანტების რაოდენობა, რომლებიც სემესტრულ ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.

„ამჟამად, ფინანსდება 300 მაგისტრანტი. ცვლილების შემდეგ, 600-ზე მეტი მაგისტრანტი დაფინანსდება. იმ სტუდენტებს, ვისაც 100%-ით დაფინანსებული აქვს სწავლა, ფინანსური წახალისება პირად ანგარიშებზე ჩაერიცხებათ. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამიერიდან, სტუდენტის ფინანსური წახალისება სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში, არ დაიბეგრება.

გარდა ამისა, კახა კალაძემ დედაქალაქში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა იგეგმება.

„პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. 2021 წელს გარკვეულწილად, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროექტების ნაწილის განხორციელება დავიწყოთ. ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაც იგეგმება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძირეულად მოწესრიგდება არსებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდება LED სანათები. ყველამ იცის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ თუ კონკრეტულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოსაცვლელია და მხოლოდ ასფალტის საფარით შემოვიფარგლებით, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ წყალში გადაყრილი თანხები იქნება. ყველგან მსგავსი მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, დედაქალაქში მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა.

„როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასვლა აღარ დაგვჭირდება და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

„მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან ამ კონკრეტული გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა, ამ პროექტის საშუალებით, მოძრაობა განიტვირთოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაგებიდან საბურთალოზე მოხვედრა ვაკეში შემოსვლის გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ის მძღოლები, რომლებიც ავტომობილებს ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებსა და ზებრა გადასასვლელებზე გააჩერებენ, დაჯარიმდებიან.

„როგორც იცით, ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, რაც ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის, დავუშვით შესაძლებლობა, რომ ავტომობილებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსე ზოლებში იმოძრაონ. ასევე, გავაფრთხილეთ „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ამ რთულ ვითარებაში მძღოლების დაჯარიმებისგან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა იყოს. ეს დამოკიდებულება კატეგორულად მიუღებელია. გვაქვს ძალიან ბევრი ფოტო-მასალა, თუ რა ხდება ქალაქში ამ მიმართულებით. ტროტუარებსა და ზებრა გადასასვლელებზე ავტომობილების გაჩერება, ე.წ. ბასლეინებზე დაპარკინგება და ავტომობილების დატოვება. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს ეს დამოკიდებულება. ის, რომ ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ საავტობუსე ზოლებით მაშინ, როდესაც არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მაქსიმალურად ვცდილობთ, კომფორტი შევუქმნათ მათ, არ დავაჯარიმოთ, ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა დავარღვიოთ და განუკითხაობა იყოს დედაქალაქში. არ არის სწორი ეს მიდგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტო-მასალაც წარადგინა, სადაც ასახულია ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა და საავტობუსე ზოლებშია გაჩერებული. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს.

„მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილეთ ჩვენი თანამშრომლები, ძალიან ლოიალურები ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში, ვერ დავუშვებთ ქაოსს და განუკითხაობას ქალაქში, რადგან ეს სერიოზულ დისკომფორტს და უკმაყოფილებას იწვევს მოქალაქეებში. შესაბამისად, მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძეს, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს ამ საკითხს. შევქმენით ყველანაირი სივრცე და პირობები მძღოლებისთვის, მივეცით შესაძლებლობა საავტობუსე ზოლებში სიარულის, არ ვაჯარიმებთ, მაგრამ სრული განუკითხაობაა დღეს ქალაქში და ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ იმოქმედეთ, ვინც დაარღვევს და ავტომობილები გაჩერებული იქნება ველობილიკებზე, საავტობუსე ზოლებში, მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება მოახდინეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროც გვერდში დაგიდგებათ. საპატრულო პოლიციასთან გაქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია და ეს თემა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, კახაბერ გულედანი რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა და გამოცდილი კადრია.

„კახაბერ გულედანი სულ რამდენიმე წლის წინ სამგორის რაიონის გამგებლის პოზიციას იკავებდა. შემდეგ, კერძო სექტორში გადავიდა. იქამდე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, საქართველოს მეტროლოგიის ცენტრში, საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და ა.შ. მას აქვს ზოგადად, მართვის კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას ღირსეულად გაართმევს თავს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში იყოს წესრიგი. მინდა, წარმატება ვუსურვო მას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, დაახლოებით, 7 300 კვ.მ-ზე ახალი სკვერი გაშენდა. თბილისის მერმა პროექტის განხორციელებისთვის სამგორის რაიონის გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სამგორის რაიონის გამგეობას, გამგებელს კახა სამხარაძესა და მის თითოეულ თანამშრომელს. კიდევ ერთი კარგი დასასვენებელი სივრცე შეემატა ქალაქს. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ჩავიდნენ და ივარჯიშონ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. განთავსდა საპარკე სკამები და საქანელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქში მწვანე სივრცეების შექმნაა, რაც 2021 წელსაც გაგრძელდება.

„იცით, როგორი მიდგომა გვაქვს პარკების, სკვერების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებით და ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა ამ კონკრეტულ სივრცესთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, ბევრი პარკი გაშენდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შვილებთან ერთად, დაისვენონ, გაერთონ, ივარჯიშონ. ეს პრიორიტეტი 2021 წელსაც იქნება და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

03 თებერვალი 2021