თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის ბოლო სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის ბოლო - 39-ე მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერიასაც მოუწია პრიორიტეტების გადანაწილება და ზოგიერთი პროექტის შეჩერება. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები 2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტშია ასახული და ეტაპობრივად განხორციელდება.

„მინდა შევაფასო 2020 წელი, რომელიც უდიდესი გამოწვევებით სავსე იყო. დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. წელს, მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას არსებული პანდემიის სახით სერიოზული გამოწვევები ჰქონდა - კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად, ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი - როცა ეს გეგმა იცვლება. წლის დასაწყისში არაერთი პროექტი გავაჟღერეთ, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო, მოგვიწია პრიორიტეტების გადანაწილება, ბევრი პროექტის შეჩერება, თუმცა ამ პროექტებიდან უკვე 2021 წლის ბიუჯეტში არის ასახული ბევრი მათგანი, რომლებიც განხორციელდება. ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთოთ ქალაქისთვის.

მინდა ძალიან მოკლედ შევაჯამო დედაქალაქის მერიის 2020 წლის საქმიანობა:

დავიწყებ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროექტით, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად განახლებული გვექნება. ასევე, პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. იცით, რომ პირველ ეტაპზე, 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ამას, გამოისყიდის და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შევიძინოთ მიკროავტობუსები.

რაც შეეხება მეტროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე, გამნიავებელი სისტემა და აგრეგატები მთლიანად განახლდა. დავიწყეთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია - 15 ახალი შემადგენლობა დაგვემატა. გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა ახალ ვაგონებზე და მარტში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია.

დავიწყეთ ერთიანი, ინტეგრირებული მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის დანერგვა. მომხმარებელი ინტეგრირებული სისტემის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში, ერთი გადახდით იმგზავრებს.

1 300-ზე მეტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცათ საცხოვრებელი ფართები. ასევე, 1 572 ერთეული მიწის ლეგალიზება მოხდა. ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ; პანდემიის პირობებში ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათები პაკეტი შეეხო 3 000-მდე მეწარმეს; 2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს; წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი; დაირგო 47 384 მწვანე ნარგავი.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებში ჯამში, 39 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში 60 მილიონი ლარი; 13 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად.

მერიის მხარდაჭერით, განხორციელდა 60 სპორტის, 235 კულტურულ-შემეცნებითი და 50 ღონისძიება ახალგაზრდობისა და განათლების მიმართულებით. დაიწყო მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში. ლილოს დასახლებაში აშენდა საცურაო აუზი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სპორტულ ცენტრს, ხოლო სპორტული ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი; ეკიპირებითა და ინვენტარით დახმარება გაეწია 15 სპორტულ ორგანიზაციას და ფედერაციას; სწავლა დაუფინანსდა 700 ახალგაზრდას, ხოლო წამახალისებელი სტიპენდია დაენიშნა 300-ზე მეტ სტუდენტს.

კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია, ასევე მოგვარდა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების პრობლემა. ბოლოში გადის „ცენტრ პოინტის“ საქმე და 6 000 ოჯახს, ვინც ელოდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, მალე მივულოცავთ.

დავიწყეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ასევე, მინდა აღვნიშნო კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მართლაც კარგი პროექტი გამოვიდა; ვარკეთილში, სუხიშვილის და თაყაიშვილის ქუჩებზე ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია; მოსკოვის გამზირზე ორნახევარი კილომეტრის სიგრძის გზაგამყოფის რეაბილიტაცია; გლდანის მიკრორაიონში განხორციელებული პროექტი, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა.

დავიწყეთ მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. მინდა, ჭავჭავაძის გამზირს შევეხო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ და ყველა ქუჩა, რომელიც მომავალში გაკეთდება, იქნება ზუსტად ამ სტანდარტის და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ მერიის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩემი თანამშრომლები მართლაც 24 საათს ატარებენ თბილისის სამსახურში. მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ის, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მიმართ, არის მათი დამსახურება. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დილის 5 საათზე იღვიძებენ, 6 საათზე გამოდიან სამუშაოდ იმისათვის, რომ ქალაქი დასუფთავებული იყოს. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც თბილისის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან და მათ გადაადგილებაში ეხმარებიან, ისინი ჩვენი ავტობუსების მძღოლები, მეტროს მემანქანეები და სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები არიან. ამ სიტყვების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, იცავენ რიგით მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ქონებას, ისინი ჩვენი მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები არიან, რომლებსაც ხშირად ლანძღავენ და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ხვალ შესაძლოა კონკრეტულ ადამიანს თავს იგივე გადახდეს. ამ სიტყვების უკან დგანან არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. მადლობა ქალაქის მერიის დაცვის თანამშრომლებს, რომლებიც სიცივეში, ყინვაში დგანან და იცავენ სახელმწიფოს ობიექტებს, სკვერებს, პარკებს. გამიჭირდება ყველა სამსახური გამოვყო, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო 24 საათიანი მუშაობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მერიის სისტემაში დასაქმებულები მიმდინარე პანდემიის დროსაც სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

„თბილისის მერიის თანამშრომლებისთვის პანდემია არ ყოფილა, რადგან ამ რთულ დროსაც თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. იცით, რომ მნიშვნელოვანი პლატფორმა შეიქმნა მათ დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად დასჭირდა ჩვენი თანადგომა და მასში გამგეობების თანამშრომლები ჩაერთვნენ. ისინი სამსახურების შემდეგ კარდაკარ ნობათებს არიგებდნენ. ამ ყველაფრისთვის გიხდით მადლობას. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება უკეთესი და ჩვენ ყველა ერთად დავინახავთ ჩვენი შრომის და ძალისხმევის შედეგს მადლიერი მოქალაქეების ღიმილში, ქალაქის სილამაზეში, ქუჩებში, სადაც ადამიანები პირბადეების გარეშე დადიან, ცხოვრობენ, უყვართ და უხარიათ. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, რომელიც კიდევ უფრო დავაფასეთ, ვიდრე აქამდე, კეთილდღეობა და გაძლიერება, რომელიც განსაკუთრებით ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ბედნიერება და ღიმილი, რადგან ამის გარეშე არაფერს აქვს ფასი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, მომავალ წელს ბუკიას ბაღის სრული განახლება იგეგმება და მან შესაბამის უწყებებს დაავალა, დაეხმარონ საბურთალოს გამგეობას, რათა აღნიშნული კერძო საკუთრება დროულად გამოისყიდონ.

„2021 წლის ბიუჯეტში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ბუკიას ბაღის სრული რეაბილიტაცია და განახლება. ამჟამად ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მიხარია, რომ ეს სივრცე მოწესრიგდება. აღნიშნული ტერიტორია, სამწუხაროდ, მოიცავს სივრცეებს, რომელიც დიდი ხნის წინ გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. სამწუხაროდ, იცით უამრავი ფაქტი, როდესაც ხდებოდა სკვერების, პარკების გასხვისება და შემდეგ მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცეები ისევ დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, მოწესრიგდეს და განახლდეს ერთიანი გეგმით და ხედვით. დღეს, თუ არ ვცდები, ეს კონკრეტული ტერიტორია შემოღობილია. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, დაისვენოს, განიმუხტოს, გაერთოს. ჩვენს ქალაქს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა. შესაბამისად, ამ ბაღის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტაქსის მძღოლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ცალკე რისკ ჯგუფს შეადგენენ და სწრაფი ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან.

„ვინაიდან ტაქსის მძღოლებს ყოველდღიურად მოსახლეობის დიდ ნაწილთან უწევთ კონტაქტი და ცალკე რისკ ჯგუფად განისაზღვრა, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით, 18 000 ტაქსის მძღოლი SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება. ტესტირება მათთვის უფასო იქნება. მნიშვნელოვანია დაზღვეულები იყვნენ ტაქსის მძღოლებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ტაქსის სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტსაც და როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აქ გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

„გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დავასრულეთ, რომელიც ხარვეზებით წარიმართა. ამასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტმა გარკვეული მოკვლევები ჩაატარა. იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული კონკრეტულ საკითხებზე. ამასთან მიმართებით მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია შემდეგი მოკვლევის მიზნით.
გარდაც ამისა, გამოიკვეთა მეორე სავარაუდო დანაშაული. მიწაში განთავსებული ძველი მილების ამოღება მოხდა, დასაწყობდა და ეს მილები აღარ არის, მოიპარეს. რა თქმა უნდა, ეს იყო მუნიციპალიტეტის საკუთრება. აქ საუბარი არის 500 ტონა თბოქსელის ლითონის მილების დატაცების ფაქტზე. მინიმუმ 200 000 ლარი იზარალა მუნიციპალიტეტმა. ვინმეს არ ეგონოს, რომ აქ რაღაცეების გატარება მოხდება. ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ სავარაუდო დანაშაულში გარეულია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის დაკვეთით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება.

„როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

30 დეკემბერი 2020