თბილისის მერია მარტოხელა ხანდაზმულების დახმარებას აგრძელებს

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარებას აგრძელებს. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან 200 000 ლარი გამოიყო.

პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 500 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთებია შეძენილი, რომელიც თბილისის 10-ვე გამგეობას გადაეცა. თავის მხრივ, გამგეობების თანამშრომლები ნობათის იმ ოჯახებში მიტანას უზრუნველყოფენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება.

პროდუქტის დაფასოებისა და განაწილების პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ დახმარების პროგრამას. ძალიან კარგი პლატფორმა შეიქმნა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს გვქონდა ანალოგიური პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს აქ ხედავთ პროდუქტებს, რომელთა დაფასოება და გადანაწილება ხდება. შემდეგ კი უკვე გამგეობის თანამშრომლები ინდივიდუალურად მიიტანენ პროდუქტს იმ ოჯახებში, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ჭირდება. მინდა, ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მოხალისეებად არიან ჩართულები და ეხმარებიან დედაქალაქის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს პროდუქტების დაფასოებასა და დარიგებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ წინასაახალწლოდ ყველა გამგეობა, მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს ნობათებს. ამას დაემატება ყველაფერი ეს, რასაც აქ ხედავთ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება. რა თქმა უნდა, ამ პროგრამას მომდევნო დღეებში და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოყოფილი თანხის ფარგლებში, მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების მიზნით, თბილისის მერია მომდევნო ხანებში კიდევ 700 ათასი ლარის საკვებ პროდუქტსა და პირველადი დახმარების ნივთებს შეიძენს.

პროდუქტის დაფასოებისა და გადანაწილების პროცესს მერთან ერთად რაიონების გამგებლებიც ესწრებოდნენ

23 დეკემბერი 2020