თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საარჩევნო სუბიექტებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, 15 დღის ვადაში, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიქტები 1 000 ლარით დაჯარიმდებიან.

კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დარღვევების შემთხვევაში, კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მიმართ კანონით დადგენილი ზომების გატარება დაავალა.

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა უნდა უზრუნველყონ. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სააგიტაციო მასალები ჩამოიხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები კედლებზე, ღობეებზე, რადგან ქალაქისთვის ვიზუალურად პრობლემას ქმნის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1 000 ლარის ოდენობით. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, ყურადღებით იყოს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არავის აქვს სურვილი ვინმეს დაჯარიმების“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ „საახალწლო სოფელი“ წელს პანდემიის გამო ვერ მოეწყობა, აღნიშნული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა კი დედაქალაქში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება.

„ვიცით, რა რთული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში, ვებრძვით პანდემიას. იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს პროექტი - „საახალწლო სოფელი“ ვერ განხორციელდება. ეს შექმნიდა მიზიდულობის ცენტრს, მოვიდოდა ბევრი ადამიანი და დიდი საფრთხე შეიქმნებოდა. ამიტომ, „საახალწლო სოფელი“ წელს ვერ მოეწყობა. ეს პროექტი, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა. ეს თანხა მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. წინასაახალხლო დღეებში მათ საკვები პროდუქტებით უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბიზსნესსექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ლამაზად მორთული და განათებული ქალაქი მათი დამსახურება იქნება.

კახა კალაძემ აქვე, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა და პროცესში ჩართვისა და მხარდაჭერისთვის ბიზნესსექტორს მადლობა გადაუხადა.

„ნახევარი მილიონი ლარი განსაზღვრულია სარეზერვო ფონდიდან და დაწყებული გვაქვს პროდუქტების შეძენა, რომელსაც დავარიგებთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. უკვე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა „ცხელ ხაზზე“, არის სრული მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ პროდუქტებით უზრუნველყოფაში. ეს პლატფორმა შექმნილია ყველასთვის. ასევე, მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, მოხალისეებს, ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაერთოთ ამ ღონისძიებაში, დაეხმაროთ მუნიციპალიტეტს პროდუქტების მიტანაში კონკრეტულ ადამიანებთან, გვაქვს სრული მზადყოფნა. ამაში ჩართული არიან ჩვენი გამგეობების თანამშრომლები და გადამზადდებიან მოქალაქეები, რათა მაქსიმალურად დავიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე, ის კონკრეტული ოჯახები და ადამიანები, სადაც მოგვიწევს მისვლა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესები ყველანაირად დაცული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დარგის სპეციალისტებს მოუწოდა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ დიზაინის პროექტის შექმნაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის რამდენიმე ვარიანტი მუნიციპალიტეტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

„დაწყებული გვაქვს მეტროს განახლება, ასევე, ვაგონების შესყიდვა. ეს პროცესი მიდის და ძალიან მალე თბილისს ექნება ახალი, ევროპული ტიპის მეტროს ვაგონები. ასევე, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგან თვითონ ვესტიბიული, ბაქანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას. ერთ-ერთი ასეთია მეტროსადგური „ვარკეთილი“, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ამ ხნის განმავლობაში, დიზაინის შერჩევა ვერანაირად ვერ მოხდა. გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო მეტროსადგური „ვარკეთილი“, თუმცა ის იქნა დაწუნებული, რადგან არ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო დიზაინერებს, დარგის სპეციალისტებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურის დიზაინის პროექტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ, „ვარკეთილი“ ერთ-ერთი საუკეთესო მეტროსადგური იქნება.

„ვიცი, რომ თბილისს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში. ამიტომ მინდა, ვთხოვო ამ დარგის წარმომადგენლებს, ხელი შეგვიწყონ და დაგვეხმარონ. დარწმუნებული ვარ, მეტროსადგური „ვარკეთილი“ ერთ-ერთი ულამაზესი და საუკეთესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქის მერმა ახალ რეკრეაციულ სივრცეებზე, კერძოდ, გლდანის მერვე მიკრორაიონში, 10 000 კვ. მ ფართობზე მოწყობილ მრავალფუნქციურ სკვერზე ისაუბრა და გლდანის გამგეობას აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკმაოდ დიდი სივრცეა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. წარმოებული სამუშაოების შედეგად, თანამედროვე, კომფორტული სივრცე მოეწყო ყველა თაობის ადამიანისთვის. დამონტაჟდა გარეგანათება, სარწყავი სისტემები, დაითესა ბალახი, ხე-მცენარეები დაირგო; განთავსდა საბავშვო ზონა და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე; მოეწყო ხელოვნური მდინარე და შადრევანი, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, სკეიტბორდის მოედანი და ფიტნეს ზონა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში კიდევ ბევრი სივრცეა, სადაც გამწვანებისა და დასასვენებელი სივრცეების პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა შესაძლებლობას იძლევა კონკრეტული არეალი, ყველა პროექტთან გვაქვს მსგავსი მიდგომა, რომ შეიქმნას ყველა თაობაზე მორგებული სივრცე და სიმყუდროვე თბილისელებისთვის. კიდევ ბევრი კარგი სივრცეა თბილისში, სადაც შეიძლება ასეთი პროექტების განხორციელება. პირობას გაძლევთ, რომ თბილისი თავისი გამწვანებით, მოწინავე ქალაქი იქნება ევროპაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

02 დეკემბერი 2020