თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მიკროავტობუსების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია. გამარჯვებულმა კომპანიამ „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი 180 დღის განმავლობაში უნდა შემოიყვანოს.

„იცით, რომ 15 ივლისს გამოცხადებული იყო ტენდერი, 300 ერთეულის შესყიდვის მიზნით, რათა ეტაპობრივად დავიწყოთ მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მთლიანად განვაახლოთ ისევე, როგორც ავტობუსები. ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და „ფორდის“ მარკის 300 ერთეული მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. ოქტომბერში ნაწილი ადგილზე იქნება და დანარჩენიც 180 დღის განმავლობაში შემოვა. ეს 300 ერთეული საკმარისი არ არის და საჭირო იქნება დამატებით შესყიდვაც“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ადრე 3 000-მდე მიკროავტობუსი გადაადგილდებოდა, თუმცა სატრანსპორტო რეფორმის შედეგად, მათი რაოდენობა 1 200-მდე შემცირდება.

„ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ მთლიანად მოდერნიზებას ვაკეთებთ ავტობუსების ქსელის და მარშრუტების. ქალაქში ძირითადად, 12, 10, 8-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, თუმცა რელიეფიდან და ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროა მიკროავტობუსებიც. ეს ყველაფერი ისე იქნება ინტეგრირებული და დალაგებული, რომ მგზავრობა კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიკროავტობუსებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ბრალდებას პასუხი ხვალ გაეცემა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ აქტიურად მუშაობს.

„სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობაა, რაც ვიზუალური თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხები გადაიხადეს, საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ და იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, ვერ მოხერხდა ამ მშენებლობების დასრულება. დაახლოებით, 180 ობიექტია თბილისში, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. ჩვენ 2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შევქმენით, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს. გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამშენებლო კომპანია „m2“-ს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ კონკრეტულ ობიექტებზე მშენებლობები უკვე დაწყებულია და სამი წლის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ემიგრანტი, ვინც საცხოვრებელ ფართებს ელოდა, ბინას უკლებლივ ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანია „m2 ჯგუფთან“, რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს. ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში, ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ. იცით, რომ 2006-2008 წლებში დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და წარმოიშვა სერიოზული პრობლემები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადამიანები უშედეგოდ ელოდებიან ფართებს. მშენებლობის მოცულობიდან და დაზარალებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, კომისია ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. უკვე დასრულების ფაზაშია ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც. აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. დაახლოებით, 6 000-მდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე, ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება.

„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით მათ დაკანონებაში. საცხოვრებელი ფართი კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება. აქედან 83 -ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, ერთი ოჯახი - ქიზიყის ქუჩაზე, სამი კი -მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში ცხოვრობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი რაიონის გამგეობას მიმართონ.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ - ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა რეკრეაციული სივრცეების მოწყობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება.

„ავჭალაში, სადგურის მიმდებარედ, დაახლოებით, ორი ჰექტარი ფართობის ტერიტორია იქნა მოძიებული. აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ პარკის დაპროექტება და შემდეგ მისი მოწყობა მოხდება. მინდა, აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. ძალიან მიხარია, რომ ავჭალაში საუბნო პარკი გაშენდება. ჩვენ ამ ტენდეციას შევინარჩუნებთ, თბილისში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შევქმნათ. გზაგამყოფ კუნძულებსაც კი არ ვტოვებთ ქალაქში. ვცდილობთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავალამაზოთ. წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო, რომ სკვერების, პარკების, საფეხბურთო მოედნების ხარჯზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. მთავარია, რომ საზოგადოების მხრიდან არის მხარდაჭერა. ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ. ეს ჩვენი შვილებისთვის აუცილებელია. მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება და გამონაბოლქვის პრობლემა ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტის განხორციელების შედეგად, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა თანაბრად ხელმისაწვდომი და კომფორტული სივრცეები მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის. საუბნო პარკის მოწყობის პროექტირების პროცესში, გაზიარებული იქნება საუკეთესო სართაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები.

23 სექტემბერი 2020