თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა

დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მონაწილეობდა.

მაია ბითაძის განცხადებით, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს.

„ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან. ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდი წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებაში და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა "ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის". ღონისძიება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან, სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგინონ მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში ხდება ახალი სატრანსპორტო ღონისძიებების წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე. თითოეული ამ ცვლილების მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების გზით.

20 სექტემბერი 2020