თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.

კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადება მოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, „თბილისობის“ ღონისძიებები გაუქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიც Live რეჟიმში გადაიცემა და მოქალაქეებს, საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, „თბილისობა 2020“-ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის. მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს.

„ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა ყურადღება დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა. მისი თქმით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საკომუნიკაციო ქსელებზე მომუშავე კომპანიებს საავარიო შემთხვევების გარდა, სამუშაოების წარმოება მხოლოდ ღამის საათებში შეეძლებათ.

დედაქალაქის მერმა ახალი რეგულაციით განსაზღვრული წესების მაქსიმალურად გაკონტროლება თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, ხოლო პროცესის ზედამხედველობა მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

„ჩვენ ვამუშავებთ ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, რომელზეც საერთაშორისო კომპანიები მუშაობენ და უახლოეს მომავალში სრული სურათი გვექნება. პარალელურად, შეზღუდვები დავუწესეთ ნარჩენების გამტან მანქანებს, რომ დღის საათებში არ იმოძრაონ. განსაკუთრებით ცენტრალურ ქუჩებზე, რომ ღამის საათებში მოხდეს ნარჩენების გატანა. ასევე, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომ ავტომობილების მოძრაობა გარკვეულ დროში მოვაქციოთ. გარდა ამისა, გადაადგილების დროს სერიოზულ შეფერხებას სამარშრუტო ტაქსებიც იწვევდა. ამ მიმართულებითაც გამოყოფილი გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებს გაჩერებების გარდა, სხვა ადგილებში გაჩერება ეკრძალებათ. ამას ჩვენი სამსახურები აკონტროლებენ და ვინც არღვევს, იმას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც ისეთი კომპანიების მხრიდან, როგორებიცაა: „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და სხვა, ავარიების დროს სამუშაოების დაწყება შეტყობინების გარეშე ხდება, რაც სერიოზულ პრობლემას იწვევს. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რასაც ირაკლი ბენდელიანს ვავალებ. ვიცი, რომ უკვე იყო კომუნიკაცია ყველა კომპანიასთან. თუ რაიმე სამუშაოა ჩასატარებელი, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ღამის საათებში, რადგან დღის განმავლობაში ისედაც დიდი ნაკადებია, თან მალე სასწავლო პროცესი იწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს, რათა გადაადგილების დროს ნაკლები დისკომფორტი შეიქმნას.

„წინასწარ თუ ეცოდინებათ მოქალაქეებს სამუშაოებით გამოწვეული შეფერხების არსებობა, დისკომფორტს ავაცილებთ თავიდან. შესაბამისად, კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. შესაძლებელია, იყოს ავარია, გადაუდებელი პრობლემები, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დაგეგმვა და სწორი მენეჯმენტი. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ცენტრში, დღის პიკის საათებში, კონკრეტულ მონაკვეთებში გაჩერებული ჰყავთ მანქანა და მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ყველაფრის დასარეგულირებლად, ჩვენ გარეშე ასეთი სამუშაოები არ უნდა ჩატარდეს. შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია ჩართეთ ამ პროცესში, რომ ეს ყველაფერი წესის შესაბამისად მოხდეს, იმისთვის, რომ გზებზე სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

„იცით, რომ სოფელ დიღომში წყალარინების ქსელი არ არსებობდა და მისი მოწყობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და მთელი ტერიტორიის დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოები უკვე განხორციელდა და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას IV შესახვევში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოეწყო. გარდა ამისა, გასულ წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები სოფელი დიღმის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა, მათ შორის, ანდრონიკაშვილის ქუჩის ნაწილში, როსტევანის ქუჩასა და კვირაცხოველის ქუჩაზე.

ამ დროისთვის, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის გავლით, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე ხორციელდება. სამუშაოები ბელიაშვილის ქუჩის მონაკვეთში უკვე დასრულებულია, ხოლო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით, კვლავ გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას აქვს სერიოზული პრობლემა. 21-ე საუკუნეში შეიძლება ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ეს რეალობაა - დედაქალაქში, ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში წყალარინების ქსელი მოუწესრიგებელია. ეს პრობლემა სხვა უბნებშიც არსებობს და მსგავსი სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მასშტაბით, წყალარინების მოწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მუხიანის აგარაკებზე მიმდინარეობს, სადაც ახალადმოწყობილ ქსელზე უკვე 141 ოჯახის დაერთება მოხდა.

„ასევე, ორი წლის წინ, მუხიანის აგარაკებზე დავიწყეთ წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები. 26 მაისის ქუჩაზე სულ ახლახანს დასრულდა გარე ქსელის მოწყობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. ახალადმოწყობილ ქსელზე 141 ოჯახის დაერთება მოხდა. აქაც პროექტი გრძელდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე გლდანის რაიონის გამგეობა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს და ამის შემდეგ, გზა მოასფალტდება. ჩვენ მსგავს სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით გავაგრძელებთ და არ დარჩება არცერთი ჩიხი, დასახლება და უბანი, სადაც წყალარინების ქსელის პრობლემა არ მოგვარდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ გლდანის რაიონში სანიაღვრე ქსელის მოწყობის აუცილებლობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა. მისი თქმით, სანიაღვრე ქსელი პირველ ეტაპზე, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე მოეწყობა.

თბილისის მერის განცხადებით, გლდანის რაიონში მსგავსი პროექტები ეტაპობრივად, ყველა იმ ქუჩაზე განხორციელდება, რომელიც უხვი ნალექის დროს ცენტრალურ ქუჩას პრობლემას უქმნის და სანიაღვრე ქსელის მოწყობას საჭიროებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მიმდებარე, მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელი ქუჩები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტობრივად, არცერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ორ ცენტრალურ ქუჩას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, ბოჭორიშვილისა კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. პარალელურად, მივყვებით ყველა იმ ქუჩას, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს, რათა ამ მიმართულებით ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო.

„ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია გაუჩნდება კითხვა, თუ როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი და თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული მოქალაქეები ოფიციალურს შეტყობინებას მიიღებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირზე დაფიქსირებული დარღვევების ამსახველი ვიდეოკადრებიც წარმოადგინა და მოქალაქეებს მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა.

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოძრაობის წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

09 სექტემბერი 2020