დედაქალაქის მერმა დიდ დიღომში ახლადმოწყობილი სკვერი დაათვალიერა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, სკვერი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით მოეწყო. მისივე თქმით, დიდ დიღომში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტული მოედნისა და, ასევე, მერიის მიერ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტები ხორციელდება.

„დიდ დიღომში კიდევ ერთი განახლებული პარკი გვაქვს, სადაც დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობამ შეასრულა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია განხორციელებული პროექტით. სწორედ მოსახლეობამ გვთხოვა, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც წლების განმავლობაში შემოღობილი იყო და იყენებდნენ ნაკვეთების სახით, რეკრეაციული სივრცე მოგვეწყო. აქ ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე დასვენებისთვის. ასევე, შინაური ცხოველებისთვის არის განკუთვნილი შესაბამისი ადგილი, სადაც შესაძლებელია ძაღლების გასეირნება. აქვე ახლოს, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ სპორტული მოედნის მშენებლობას და დედაქალაქის მერია ახორციელებს, ასევე, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტს. დღეს ჩვენს ქალაქს ბევრი მსგავსი სივრცე სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდა. მოეწყო საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, სავარჯოშო სივრცე, ძაღლების გასასეირნებელი ადგილი, LED განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა.

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა - სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო რულონური ბალახი და ნიადაგის მულჩირება განხორციელდა.

სამუშაოები კომპანიაა „ტაომ“ აწარმოა, რისთვისაც საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 571 014 ლარი დაიხარჯა.
ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

07 აგვისტო 2020