თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება და განახლება შედის. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები ეწყობა, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს.

თბილისის მერის განცხადებით, ასევე, მეტროსადგურებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვაგონების განახლება და გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ახალი შემადგენლობების შესყიდვასთან დაკავშირებით.

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში, სამუშაოები დაიწყება. მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი; მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის; დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ტაქტილური ბილიკები; რეაბილიტაცია ჩაუტარდება, როგორც სადგურის ვესტიბიულს, ასევე ბაქანს; განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურეო ოთახები; განახლდება გახმოვანების სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება.

გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში ამტვერებადი და აალებადი, ასევე, ნიადაგის დამაბინძურებელი მასალების წარმოება-დამუშავებისა და რეალიზაცია-განთავსებისთვის 2021 წლის პირველი იანვრიდან კონკრეტული ადგილები განისაზღვრება. ამავე პერიოდიდან ასევე, ამოქმედდება მსგავსი მასალების დამუშავების წესი და რეგულაციები.

„ჩვენი ქალაქისთვის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის დაბინძურება საკმაოდ პრობლემურია, რომლის გამომწვევი ფაქტორები არის: ტრანსპორტი, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ყველა სახის და ამტვერებადი მასალების უსისტემო მიმოქცევა. ამ მიმართულებით, გასულ წელს დავიწყეთ მუშაობა, პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარვუდგინეთ და მოხდა მისი დამტკიცება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს. სამშენებლო, სარემონტო მასალები, საბურავების გაყიდვა, აალებადი ნივთიერებები ქალაქის ცენტრალურ უბნებში აბსოლუტურად უსისტემოდ არის განთავსებული. ეს სერიოზული პრობლემაა ჩვენი დედაქალაქისთვის, ასევე, ამ კონკრეტულ რაიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. არაერთი წერილი შემოსულა თბილისის მერიაში დახმარების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ე.წ. ელიავას ბაზრობა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. პირდაპირ ღია წესით ხდება სამშენებლო მასალების გაყიდვა. ეს ყველაფერი რომ მოწესრიგდეს, ზუსტად ამიტომ შემოვიღეთ კანონი, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის საკრებულომ რეგულაციები და წესები დაამტკიცა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს დაავალა, რომ იმ მეწარმეებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეთ, რათა ცვლილებებისთვის დროულად მოემზადონ.

„კანონის აღსრულებას 2021 წლის პირველი იანვრიდან დავიწყებთ, რადგან გვინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს, მოსამზადებლად გარკვეული დრო ჰქონდეთ. ამისთვის საჭიროა კონკრეტული ადგილების გამოყოფა, როგორ გადაიხუროს ტერიტორია, როგორ უნდა მოხდეს ასეთი მასალების დამუშავება, გაყიდვა და ა.შ. მინდა დავავალო, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და ჩემს მოადგილე მაია ბითაძეს, რომ გქონდეთ ყოველდღიური კომუნიკაცია, არა მხოლოდ მედიის საშუალებით, არამედ უშუალოდ ადამიანებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მიეცით მათ მითითებები, თუ როგორ უნდა მოხდეს წესების დაცვა. 2021 წლის იანვრიდან, თუ კანონი არ აღსრულდება, ამ ყველაფერს ძალიან მკაცრი კონტროლი და რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მუხიანის სკვერის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის დაუყოვნებლივ დაბარება და მისთვის სამუშაოების ხარისხიანად შესასრულებლად ორკვირიანი ვადის მიცემა სთხოვა.  

მისი თქმით, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ხარვეზები, რის გამოც, თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს კონტრაქტორი კომპანიის მისამართით მკაცრი ზომების გატარება დაავალა.

„ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არსებული სკვერების მოწესრიგებას, მათ განახლებას, გამწვანებას, ახალი საქალაქო პარკის მშენებლობას. ხორციელდება არაერთი პროექტი საქალაქო სამსახურებისა თუ გამგეობების მიერ. მინდა გამოვყო და შევეხო მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, რომელიც დიდი არ არის - დაახლოებით, 1000 კვ. მეტრია, სადაც სკვერის მოწყობა უნდა დასრულებულიყო. მესმის ყველანაირი პრობლემა, პანდემია, შეზღუდვები, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში ჩვენ არ გაგვიჩერებია ინფრასტრუქტურული პროექტები. შეიძლება იმ ტემპით ვერ მიმდინარეობდა, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა არცერთ პროექტზე. ამ კონკრეტულ სკვერში, სადაც სამუშაოები დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს, დღეს კატასტროფული მდგომარეობაა - ტერიტორია არის გაუბედურებული, მიტოვებული, ფაქტობრივად, სანაგვედ არის ქცეული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა, გლდანის გამგებელს დავავალო, დაიბარეთ ეს კონკრეტული კომპანია დღესვე, ჩართეთ ჩვენი საქალაქო სამსახურები და მერის მოადგილე, ირაკლი ბედნელიანი. მიეცით ორი კვირის ვადა. ამ ვადაში თუ ეს პროექტი დასრულებული არ იქნება, შეგიძლიათ, გააბრძანოთ. ასეთი კომპანიები საერთოდ ვერ უნდა იღებდნენ ტენდერებში მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ბევრი არაკეთილსინდისიერი კომპანია „გავაშავეთ“. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობის ინტერესი უგულებელყოს. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ არ გაქვს შესაძლებლობა, არ უნდა მიიღო ტენდერში მონაწილეობა. დაუყოვნებლივ დაიბარეთ კომპანია და თუ ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოებს, შეგიძლიათ, „გააშავოთ“ ისე, რომ ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა. ეს ქალაქი ყველასია და განხორციელებული პროექტებით უნდა ისარგებლოს ყველამ. ჩვენი დამოკიდებულება, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს, უმნიშვნელოვანესია და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ეს სკვერი ორი კვირის ვადაში ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი უნდა იყოს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

მისი თქმით, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც იღებს ვალდებულებას, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტები განახორციელოს და განსაზღვრული თეთრი კარკასის ფართები, ჯამში, 102 დაზარალებულ ოჯახს გადასცეს.

„კოოპერატიული მშენებლობით 3 000-ზე მეტი ოჯახი დაზარალებულად არის ცნობილი. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც მათ დანაპირებს შეუსრულებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონკრეტული ტერიტორიები რაც შეიძლება სწრაფად გამოიყოს, გამოცხადდეს ინტერესთა გამოხატვა, რომ გვყავდეს გამარჯვებული კომპანიები, რომელიც დაზარალებულებისთვის განკუთვნილ ფართებს ააშენებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართების მიღების მომლოდინე ოჯახების რიგითობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღრება. დაზარალებულები თავიანთი სოციალური მდგომარეობის შეფასებას ჯანდაცვის სამინისტროში შეძლებენ.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირთა ფართებით დაკაყოფილების მიზნით, განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, 2017 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ჯამში, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის 610 წევრი და მათი უფლებამონაცვლე პირი.

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ პერიოდში, ჯამში, განიკარგა 18 ერთეული უძრავი ქონება/მიწის ნაკვეთი; სანებართვო ეტაპზე - 8, ხოლო მშენებლობის ეტაპზე - 4 პროექტია; ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 12 პროექტზე; 5 პროექტზე მიმდინარეობს ფართებით დასაკმაყოფილებელ პირთა დოკუმენტაციის დამუშავება; 2020-2021 წელს მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ფართებით დამატებით, დაახლოებით, 700 პირი დაკმაყოფილდება.

01 ივლისი 2020