თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა

თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლის გახსნაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მერი მაღლაფერიძემ მიიღეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინიტროს, მადლობა აშშ საელჩოს და ამერიკის მთავრობას, განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ელჩს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი და კეთილი საქმე გაკეთდა. შშმ ბავშვებისთვის კეთდება, კიდევ ორი ასეთი ტიპის საოჯახო სახლი. ჩვენ მერიასაც ბევრი საინტერესო პროგრამა გვაქვს მხარდაჭერის თვალსაზრისით. ყოველწლიურად ამ პროგრამების დაფინანსება იზრდება და ნამდვილად მისასალმებელია ის ზრუნვა, რაც ამ კონკეტული პროექტების განხორციელებით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ჩვენც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი გამოვხატავთ ყველანაირ თანადგომასა და მხარდაჭერას, რომ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები მომავალშიც განხორციელდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ სახლში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მყოფი ბენეფიციარების ნაწილი გადავა. პროექტი ხელს უწყობს ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდასა და მათზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა აშშ-ის საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი დაახლოებით 1,200,000 ლარის ($425,000) ღირებულებისაა და აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის USACE მიერ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ამავე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დამატებით ორი მსგავსი ტიპის შენობის აშენება, რის შედეგადაც „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოდ დასრულდება.

25 ივნისი 2020