თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და პირველ რიგში, ყურადღება ვარკეთილის შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გაამახვილა.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია მზადაა, ვარკეთილის შერეული ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციები გამართოს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს. დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს.

„ორი დღის წინ სამგორის რაიონში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო ცეცხლის ბენზინგასამართ სადგურზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირულმა მუშაობამ ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხა. მინდა, მათ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადავუხადო. ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის და ჩემი მოადგილე, ასევე, სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე. დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას შევპირდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ბაზრობების დაზღვევა მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სახის რისკი თავიდან იქნეს აცილებული.

„გუშინ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სადაც აღნიშნული ბაზრობა დაზღვეული იყო, განცხადებები მოვისმინეთ. კომპანიამ გამოხატა მზაობა, ყველა დაზარალებულს დანაკარგი აუნაზღაურდეს. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება და კომპანია გააკეთებს ყველაფერს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენც მზად ვართ, შევხვდეთ დაზარალებულებს, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმარებით. პრემიერ-მინისტრთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მომდევნო დღეებში შეხვედრები გაიმართება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაც და შესაბამისი სამსახურები მომხდარის დეტალებს დაადგენენ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ველოსიპედის მფლობელებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იგეგმება, რაც მუნიციპალურ ავტობუსებზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამაგრებას გულისხმობს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, ფეხით და ველოსიპედებით მოსიარულე მოქალაქეებია.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შესაბამისი განვითარების გეგმა წარვადგინეთ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეთმობა ყველაზე დიდი ყურადღება, ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ჩვენს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და მოძრაობდეს შეზღუდვების გარეშე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არა კერძო ტრანსპორტი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს“, - განცახადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, რომ მოიკვლიოს ავტობუსებზე ველოსიპედების დამაგრების საკითხი და პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყოს.  

„დედაქალაქში ველოსიპედი ძალიან პოპულარული ხდება, ჰყავს ბევრი მომხმარებელი. იცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია. შესაბამისად, გვინდა საუკეთესო ქალაქების მაგალითები გადმოვიტანოთ. ყველა განვითარებულ ქალაქში არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, წინ ან უკანა მხარეს სპეციალური სამაგრების საშუალებით, ველოსიპედები დაუმაგრდეს. ადამიანი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობს, დაამაგრებს ავტობუსზე, ავა ტრანსპორტში და A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილებას შეძლებს. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, რომ მოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და ავტობუსებზე მათი დამაგრება ეტაპობრივად დავიწყოთ, რათა ველოსიპედით მოსარგებლე მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

„ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვალა. ამ დროისთვის, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ზედა ფენის დაგება დასრულებულია. საგზაო ინფრასტრუქტურის ძირითადი სამუშაოები დამთავრდა, ამ დროისთვის კი, მიმდინარეობს შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობის სამუშაოები, სრულდება ველობილიკების მოწყობა, ასევე, უსაფრთხოების კუნძულების მოწყობის სამუშაოები, რომელიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და ბოლოს საგზაო მონიშვნები დაიხაზება. მოეწყობა საავტობუსე ზოლებიც. ასფალტის საფარის დაგება ორივე ქუჩაზე დასრულებულია. ის სამუშაოები კი, რაზეც ვსაუბრობდი, პარალელურად გაგრძელდება და ათი დღის ვადაში დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, საგზაო სამუშაოები უკვე დასრულდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც სრულად განახლდა პანდუსი, რაც ავტობუსებისა და ავტომობილებისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

„ამ დროისთვის, ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და შშმ პირებისთვის ადაპტირდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ავალიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ბოლო ფენა იგება. საგზაო სამუშაოები კი რამდენიმე დღეში დასრულდება.

„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება დაიწყო და ვაკის პარკამდე დარჩენილი საგზაო მონაკვეთი 22 ივნისისთვის დასრულებული იქნება. პარალელურად, გრძელდება ტროტუარების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები. ბოლო ეტაპზე კი მოხდება საგზაო მონიშვნების დახაზვა. ასევე, შეიცვლება განათების ბოძები და დამონტაჟდება LED სანათები. გამზირზე ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლებია გამოყოფილი, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში გადაადგილების ყველაზე კომფორტული და პოპულარული საშუალება იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დასასრულს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ახლადრეაბილიტირებულ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მუნიციპალიტეტის მერია ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „მზიურის“ ტერიტორიაზე გალერეა-მედიათეკას მოაწყობს.

„რამდენიმე დღის წინ დასრულდა „მზიურის“ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მუნიციპალური განვითარების ფონდს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ქვედა მხარეს, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გაუბედურებული იყო. დღეს კი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მივიდეს, დაისვენოს და გაერთოს. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ პარკის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პარკის ქვედა ნაწილში მდებარე საბაგიროს ყოფილი შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მედიათეკის მოწყობა, მაგრამ ეს შენობა-ნაგებობა პატარაა. როგორც იცით, „მზიურში“ არსებობს სოციალური საწარმო - „მზიურის კაფე“. ანა გოგუაძეს და მის გუნდს აქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი - გალერეა-მედიათეკის მოწყობის. ამ პროექტს ჩვენ განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ, აღნიშნულ შენობა-ნაგებობას სოციალურ საწარმოს და ანა გოგუაძეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადავცემთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეორე პროექტს, დედაქალაქის მერის თქმით, მოეწყობა საფეხმავლო ხიდი, რომელიც „მზიურსა“ და ზოოპარკის ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

17 ივნისი 2020