ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

ამ ეტაპზე, მოძრაობა ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით არის აკრძალული. შეზღუდვა 3 ივნისამდე იმოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ. ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც.

ამასთანავე, მოძრაობა თავისუფალი იქნება გმირთა მოედანზე, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები მელიქიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვედრას შეძლებენ. თავისუფლების მოედნიდან კი მოძრაობა დაშვებული იქნება მაჩაბლისა და ასათიანის ქუჩების გავლით, საიდანაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლები ვახტანგ გორგასალის ქუჩისკენ გადაადგილდებიან.

სამუშაოების მეორე ეტაპისთვის, რომელიც 3 ივნისიდან 10 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით; მესამე ეტაპზე, პირველი ეტაპის მსგავსად, მოძრაობა გადაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეზღუდვა 10 ივნისიდან 13 ივნისამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპს, 13-დან 16 ივნისამდე, სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის. პროექტის ყველა ეტაპზე, ტრანსპორტი იმოძრავებს დაწესებული მარშრუტის შესაბამისად.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „ჯი არ ჯი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური, ხოლო ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები, დამონტაჟდება LED განათების სისტემა, ელექტროსადენები კი, მიწის ქვეშ მოექცევა.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

28 მაისი 2020